სასტუმრო ”რედისონში”, საერთაშორისო კონფერენციაზე – „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება” გაიმართა.
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ბევრჯერ მდგარა განსაცდელის წინაშე და ამ დროს განსაკუთრებულ როლს პატრიარქები ასრულებდნენ.
”მოგეხსენებათ, საქართველო ბევრჯერ მდგარა განსაკუთრებული განსაცდელის წინაშე და ასეთ დროს სწორედ ჩვენი ეკლესია, მღვდელმთავრები, პატრიარქები ყოველთვის ასრულებდნენ გამორჩეულ როლს. ამ მხრივ განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ჩვენს სულიერ მამას, რომელიც 40 წელია, საქართველოს ეკლესიას უდგას სათავეში და რომლის დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე ფასდაუდებელია. მისი სიბრძნე და სიყვარულის უნარი უდიდესი პატივისცემით განაწყობს სხვადასხვა აღმსარებლობისა და ეროვნების ადამიანებს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. სწორედ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, პირადად მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დამსახურება გახლავთ ჩვენი ტოლერანტობის ისტორიული ტრადიციის შენარჩუნება და განმტკიცება, რაც სხვადასხვა რელიგიის მიმართ პატივისცემას და საზოგადოებაში სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლთა მშვიდობიანად თანაცხოვრებას განაპირობებს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილის განცხადებით, საზოგადოებასა და ეკლესიას შორის ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ეს ტრადიცია და კულტურა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და უძლიერესი საყრდენი გახლავთ და ამაზეა დაშენებული საქართველოს სახელმწიფოებრიობა
”საერთოდ, რელიგიის საკითხებზე მსჯელობისა და კვლევისთვის მეტად მნიშვნელოვანია ასეთი დიალოგის პლატფორმა, მით უფრო, რომ ქართული საღვთისმეტყველო სიტყვა და აზრი ყოველთვის საინტერესო იყო და არის ქრისტიანული სამყაროსთვის. ამიტომაც ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია, რომ სამეცნიერო კონფერენცია და დისკუსიები ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება, იმართება საქართველოში, სადაც სასულიერო და საერო სფეროებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი, მდიდარი გამოცდილება არსებობს. საზოგადოებასა და ეკლესიას შორის ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ეს ტრადიცია და კულტურა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და უძლიერესი საყრდენი გახლავთ და ამაზეა დაშენებული საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ამაში განუსაზღვრელი წვლილი მიუძღვის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის ცხოვრებაში და ერის მაკონსოლიდირებელ ძალას წარმოადგენდა. ეკლესიის სიძლიერე, ეკლესიისა, რომელიც 15 საუკუნე იყო ქართველი ერის სულიერი წინამძღოლი, მორალური საყრდენი, გამაერთიანებელი, იყო ის მიზეზი, რის გამოც იმპერიამ გაილაშქრა მის წინააღმდეგ და შეუჩერა ავტოკეფალური მმართველობა. ამით, იმპერიული რეჟიმი შეეცადა, დაესუსტებინა ეკლესია, შეერყია ერის სიძლიერე და ეჭვქვეშ დაეყენებინა ეროვნული იდენტობა. საბედნიეროდ, ჩვენს წინაპრებს აღმოაჩნდათ უდიდესი ძალა თავგანწირული ბრძოლისათვის და ეს ბრძოლა 100 წლის წინ ავტოკეფალიის აღდგენით დაგვირგვინდა, რამაც ერის ცნობიერებაში გარდამტეხი როლი შეასრულა”, – განაცხადა პრემიერმა.