საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა.
მისი თქმით, ამერიკაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა არის ძალიან ძლიერი და რაც მთავარია დადებითად ფასდება ცვლილებები რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკელ პარტნიორებთან.
„დღეს ვასრულებთ ოფიციალურ ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვიზიტის ფარგლებში ძალიან პოზიტიური შეხვედრები გავმართეთ. შევხვდით ათზე მეტ სენატორს, კონგრესმენს, რომლებთანაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვისაუბრეთ. ასევე, მადლობა გადავუხადეთ ამერიკელ მეგობრებს მათი მხარდაჭერისათვის. ამ შეხვედრების დროს ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არის ძალიან ძლიერი, ძალიან პოზიტიურად ფასდება ის ცვლილებები, რომლებიც ხორციელდება ჩვენ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალიან მყარი და მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან და მეგობრებთან“,- განაცხადა კობახიძემ.
როგორც თავმჯდომარემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, აქტიურად განიხილებოდა ნატოში გაწევრიანების საკითხი.
„ნატოში გაწევრიანება იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა ჩვენი დისკუსიების. კიდევ ერთხელ ვთხოვეთ ამერიკელ მეგობრებს, რომ მუდმივად მყარი მხარდაჭერა გამოხატონ საქართველოს მიმართ ნატოში გაწევრიანების კუთხით და განწყობა არის პოზიტიური. ეს არის მთავარი. დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენს ძალისხმევაზე და ასევე, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.