ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პაატა ბურჭულაძე: ფონდ იავნანაზე შეტევა ჩემ გამო ხდება, ამას წყალი არ გაუვა

“მეტრონომი”: სასამართლოდან

ფონდ ”იავნანას” მხრიდან თანხების შესაძლო გაფლანგვის საქმეზე სასამართლოში ფონდის დამფუძნებლის და დირექტორის, პაატა ბურჭულაძის დაკითხვა დასრულდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დაკითხვა 5 საათის განმავლობაში საქმიან ვითარებაში მიმდიბარეობდა.

ბურჭულაძე ამბობს, რომ ბრალდებები ფონდის მიმართ თითიდან გამოწოვილია და დარწმუნებულია, რომ ეს საქმე ძალიან მალე დაიხურება. ბურჭულაძე აღნიშნულ ბრალდებებს პოლიტიკურად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ არა ის, ფონდის მიმართ ასეთი ბრალდებები არ გაჩნდებოდა.

”კმაყოფილი ვარ, რომ ეს შეხვედრა საერთოდ შედგა. ეს ჩვენს ინტერესებშია პირველ რიგში და სულ ცოტა ხანში ალბათ დადებენ დასკვნას და საქმე დაიხურება. იმიტომ, რომ ეს არის იმდენად თითიდან გამოწოვოლი საქმე, რომ მეუხერხულებოდა კიდევაც ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემა. რაც შეეხება ფონდის მიერ ნაყიდ სახლებზე და ბრალდებებს, რომ ისინი უვარგისია, აბსოლუტური აბსურდია, იმიტომ რომ ეგ შეკითხვა არც დასმულა. რადგან ყველამ იცოდა იქ, რომ ფონდი არა მარტო თვითონ ირჩევდა სახლს, არამედ იმ ოჯახის თანხმობით, სოცმუშაკის თანხმობით, გამგეობისა და ჩვენი ფონდის წარმომადგენლების თანხმობით ხდებოდა.

თავიდან ჩვენ, ფონდი ვუფორმებდით სახლს პირდაპირ ოჯახს, გაყიდვის უფლებით. ამას ის მოყვა, რომ პირველმა ოჯახებმა გაყიდეს და ბავშვები დარჩნენ ქუჩაში. ამის შემდეგ, შევცვალეთ და 10 წლის ვადით ვუფორმებდით ოჯახს, მაგრამ გაყიდვა არ შეეძლოთ. 10 წელი გავიდა, რამოდენიმე ოჯახმა გაყიდა სახლი. ახლა პირობაში ასეთი რამე გვაქვს: ოჯას ეკუთვნის სახლი, ოღონდ სანამ ყველაზე უმცროსი ბავშვი არ გახდება სრულწლოვანი, მას გაყიდვის უფლება არ აქვს და მგონი ეს არის აბსოლუტურად სწორი.

ეს საქმე არ შეიძლება რომ მალე არ დაიხუროს, რადგან არ არის არაფერი. ამდენი ხანი ვიჯექით, ძალიან კარგად იყო დასმული კითხვები, ყველაფერს პასუხი გავეცი. ბატონი მოსამართლე და გამომძიებელი დარწმუნდნენ, რომ ეს ბრალი უსაფუძვლოა”- აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

რაც შეეხება ფონდზე ინტერნეტით გავრცელებულ ფილმს, ბურჭულაძე ამბობს, რომ სრული დეზინფორმაციაა. ”ის ინტერნეტში გავრცელებული ფილმი, სადაც საუბარია, რომ შემოწირულობის 20 თუ 30 პროცენტი ხმარდებოდათ ბავშვებს, დეზინფორმაციაა. ამაში დარწმუნდა პროკურატურაც, რომ შემოწირულობის 100 პროცენტი იხარჯებოდა და ახლაც იხარჯება ქველმოქმედებაზე”- აღნიშნა მან.

ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ ფონდზე თავდასხმა მის გამო ხდება. ფონდ ”იავნანაზე” შეტევა ჩემ გამო ხდება, ამას წყალი არ გაუვა. ეს მე ვთქვი მაშინაც. იმიტომ რომ ეს რომ იყოს მარტო ფონდი იავნანა, ვაჟკაცი ქართველების მხრიდან, ვინც გადაიღო ფილმი, არ იქნებოდა მარტო მახათას მთაზე გადაღებული. რადგან მე ვხელმძღვანელობ, ფილმი გადაიღეს ამაზე და ამიტომაც ეს ნათელია რომ ეს არის შეტევა სულ სხვა მხრიდან. ფონდი იავნანა არის ერთადერთი ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში”- განაცხადა ბურჭულაძემ.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....