საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო სხდომაზე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, შესაძლო სანქციებზე ისაუბრეს. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, ვინც არაკეთილსინდისიერად იქცევა შენგენის სივრცეში, გარკვეული ტიპის სანქციები დაეკისროთ. წულუკიანის განცხადებით, ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ჰქონდეს გადამარწმუნებელი ეფექტი და შევინარჩუნოთ ის დიდი წარმატება, რომელსაც ქვეყანამ დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწია, აუცილებლია, რომ ამ კუთხით კარკვეული რეგულაციები მოხდეს.
„განვიხილეთ ის გამოწვევები, რასაც ჩვენი ქვეყანა აწყდება სხვადასხვა დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში, იმის გამო, რომ ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე, რომელიც შენგენის სივრცეში მიემგზავრება და მოძრაობს, არღვევს უვიზო რეჟიმის წესებს, რჩება იქ უფრო დიდი ხნით, ვიდრე ეს არის ნებადართული, ან ეწევა უკანონო საქმიანობას. ჩვენი ვალია, რომ ის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეული წარმატება, რასაც ჰქვია უვიზო რეჟიმი შენგენის სივრცესთან, დავიცვათ, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების გზით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ვიზალიბერალიზაციის გამოწვევებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის დახურული სხდომა გაიმართა. შეხვედრას შინაგან საქმეთა, იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე, მთავარი პროკურორი და სუს-ის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური ესწრებოდნენ. საუბრის მთავარ საკითხს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ეხებოდა.
პირების მიმართ, რომლებიც სავიზო პირობებს დაარღვევენ, შესაძლოა სანქციები დაწესდეს