საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებთან აფგან მუხთარლის საქმის შესახებ გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ იმის საბუთიც არ არსებობს, რომ ჟურნალისტი თბილისიდან მოიტაცეს.
“მე კრიტიკულად ვუყურებ იმასაც, რომ ვერაფრით ვერ დადგინდა და ვერ აღდგა სურათი, თუ რა პირობებში გაუჩინარდა, თუ საერთოდ გაუჩინარდა ეს ადამიანი. არსებობს რაიმე დამასაბუთებელი იმისა, რასაც მოტაცების თაობაზე აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე ამბობენ?! ასეთი რამ არ არსებობს! აქედან გამომდინარე, ეს განცხადებები არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო.
ჩვენ თავის დროზე სათანადო კრიტიკული პასუხი რომ არ გავეცით, დღეს უკვე პრემიერ-მინისტრს მისწვდნენ. ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ საქართველოს იმიჯის წინააღმდეგ. ეს არის დაგეგმილი ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ადამიანი ძალიან უღირსად იქცევა. ის უღირსად მოექცა საქართველოს – იმ ქვეყანას, რომელმაც ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შეიფარა. ის არავის შეუწუხებია და ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს. ნამდვილად არ დაუმსახურებია ქვეყანას ის, რომ ასეთი ბინძური კამპანია აწარმოოს ციხიდან საქართველოსა და მისი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. მესმის, რომ გამოძიება ისე ვერ განვითარდა, რომ არაფერი ხელში არა გვაქვს, მაგრამ როცა ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალეულობა არ არსებობს და არ არის დადასტურებული, ასე საუბარი არ შეიძლება!“ – განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად კვაჭანტირაძემ.
თბილისიდან გაუჩინარებული და აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, მის გატაცებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ადანაშაულებს. მუხთარლისთან სატელეფონო ინტერვიუს “ტევე პირველი” ავრცელებს.
როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აცხადებს, გიორგი კვირიკაშვილმა გასცა ბრძანება მისი გატაცების შესახებ, ასევე მუხთარლი საქართველოს საბაჟო ხელმძღვანელს და ლაგოდეხის საბაჟო პუნქტის კრიმინალურ პოლიციასაც ადანაშაულებს.