ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: დანების რაოდენობასთან დაკავშირებით დაცვის მხარემ ექსპერტიზა დავნიშნეთ

“მეტრონომი”: სასამართლოდან

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა დასრულდა. როგორც ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, დღეს დაცვის მხარემ წარმოადგინა ახალი ექსპერტიზის დასკვნა. შემდეგ სხდომაზე კი სასამართლო გადაწყვეტს მიიღოს თუ არა ეს მტკიცებულება. ასევე, მისი თქმით, ბრალდების მხარემ დაკითხა ერთი მოწმე, შემდეგ სხდომაზე აღნიშნულ მოწმეს დაცვის მხარე დაკითხავს. ”მეტრონომის” ინფორმაციით, აღნიშნული მოწმე 51-ე სკოლის სასწავლო ნაწილია.

”ჩვენი აზრით, ვინაიდან ეს მოწმე არ არის პირდაპირი მოწმე, მისი ჩვენება დიდად მნიშვნელოვანი არ არის. თუმცა რაღაც გარემოებები ამ მოწმემ დაადასტურა და ჩვენ დავკითხავთ მას. ასეთი მოწმის ჩვენებას, ვერ დაეფუძნება ვერც გამამართლებელი და ვერც გამამტყუნებელი განაჩენი. ჩვენ მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზა კი ადგენს განსხვავებულ გარემოებებს. ეს ექსპერტიზა არ ეხება დანების რაოდენობის საკითხს.

რაც შეეხება დანის საკითხს, ეს გახლავთ დაცვის მხარის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება. მნიშვნელოვანია დადგინდეს, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა გარდაცვლილისადმი ჭრილობების მიყენებაში. აუცილებელია დადგინდეს, რამდენი სხვადასხვა დანით მიაყენეს გარდაცვილებს ჭრილობა. ამაზე პასუხის გასაცემად დაცვის მხარემ დავნიშნეთ კომპლექსური ექსპერტიზები. ძალიან ბევრი ექსპერტიზაა. როცა პასუხებს მივიღებთ, აუცილებლად ვიშუამდგომლებთ დაერთოს ისინი სისხლის სამართლის საქმეს”- განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....