ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გუგული მაღრაძე: “თუ საკუთარი უნივერსიტეტი გიყვარს, ზეიმის დროს დისკუსიების გამართვა არაა საჭირო”

თუ ხარ სტუდენტი და საკუთარი უნივერსიტეტი გიყვარს, საზეიმო ღონისძიებების დროს დისკუსიების გამართვა საჭირო არ არის, – ასე გამოეხმაურა “მეტრონომთან” საუბრისას პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი გუგული მაღრაძე გუშინ თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და “აუდიტორია 115”-ს შორის მომხდარ ინციდენტს.

“თუ ხარ სტუდენტი და საკუთარი უნივერსიტეტი გიყვარს, საზეიმო ღონისძიებების დროს დისკუსიების გამართვა საჭირო არ არის. დისკუსიებს არავინ გაურბის. უნდა დანიშნო დისკუსია და თუ რამე სათქმელი გაქვს, იქ თქვა. ეს არის ძალიან იაფასიანი რაღაც, არ ვიცი რა დავარქვა. პირველ რიგში, პატივი უნდა სცე სტუმრებსა და უნივერსიტეტის 100-წლიან იუბილეს. მე ძალიან მიყვარს სტუდენტები და დიდ პატივს ვცემ მათ, მაგრამ ასეთი ტიპის ქმედებები მათ კარგად არ ახასიათებთ”, – აცხადებს მაღრაძე.

შეგახსნებთ, რომ გუშინ სტუდენტები ცდილობდნენ უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე შესვლას, თუმცა დაცვის წევრებმა დარბაზში შესასვლელი გზა გადაკეტეს.

სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115” თვლის, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ სტუდენტების, ლექტორების, ადმინისტრაციის წევრების, კურსდამთავრებულების და იმ ადამიანების ძირითადი ნაწილის გარეშე ჩაიარა, ვისთვისაც უნივერსიტეტი ასე მნიშვნელოვანია.

სტუდენტები მიიჩნევენ, რომ დღეს, ქვეყნის ელიტარულმა კლასმა მოსპო ის თანასწორობის იდეა, რომელსაც თავის დროზე უნივერსიტეტი დაეფუძნა. ამის შესახებ მათ განცხადება გაავრცელეს.

იტვირთბა....