„რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერი ლევან ბერძენიშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სკანდალური განცხადება, რომ მის გატაცებაში უშუალო მონაწილეობას საქართველოს პრემიერი კვირიკაშვილი იღებდა, ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე, კიდევ ერთ სერიოზულ სკანდალში გახვევს. მისი თქმით, მუხთარლის საქმის გამოუძიებლობა, როგორც საქართველოს მოსახლეობას, ასევე ევროპარლამენტს აწუხებს. ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ საქმის გამოუძიებლობა პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ჟურნალისტის გატაცებაში მაღლი თანამდებობის პირები არიან ჩართულები.
„ფაქტი არის, ასეთი, თუ აფგან მუხთარლის გატაცებაში უშალოდ პრემიერი მონაწილეობდა, ეს არის საშინელი ფაქტი და დიდი სკანდალი, რომელიც დასავლელი მეგობრებისგან მძიმე შეფასებების საფუძველი გახდება და ბევრს დავკარგავთ. ხოლო, თუ ეს ფაქტი მისი გვერდის ავლით მოხდა, რომ კრიმინალურმა პოლიციამ კაცი გაიტაცა და მას ასეთ რამეს არ ეკითხებიან, მითუმეტეს არარაობა ყოფილა.
ორივე შემთხვევაში პასუხი კვირიკაშვილმა მთელს მსოფლიოს უნდა გასცეს, როგორ აღმოჩნდა ჩვენს ქვეყანას შეფარებული ჟურნალისტი აზერბაიჯანის ციხეში. ჯეჯელავა ხომ აღარ არის მინისტრი და სახუმარო პასუხებს აღარ მოვისმენთ. თუ ვინმეს ეგონა, რომ მუხთარლი ხმას არ ამოიღებდა ძალიან ცდება. რა ღირებულებებით ვცხოვრობთ, „სტუმარ-მასპინძელი“მაინც წაიკითხონ ამ კაი ხალხმა.
საქართველოს არცერთ ქვეყანასთან ისეთი დამოკიდებულება არა აქვს, რომ ღირსება დაკარგოს. ჩვენს ხელისუფლებას შეეძლო, რომ აფგან მუხთარლი არ გაეტაცა და ჩაბუქი თურქეთს არ გადასცეს. ამით, არც თურქეთთან და არც აზერბაიჯანთან ურთირთობა არ შეწყდება. მიწა რომ მოგვთხოვონ უნდა მივცეთ? ყველაფერს ხომ თავისი საზღვარი აქვს. კარგი ადამიანი გავწირეთ, ამით ქვეყანასაც ხომ ვწირავთ, მოგვეჭრა თავი მსოფლიოს მასშტაბით“,-განაცხადა ბერძენიშვილმა „მეტრონომთან“.
მისივე თქმით, აფგან მუხთარლის გატაცება ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ მოხდებოდა და ამაზე ინტერვიუში ჟურნალისტმაც ისაუბრა.ბერძენიშვილი ამბობს, რომ კვირიკაშვილის ამ საქმის მთავარ ფიგურანტად გამოყვანა, ცოტა იუმორის საკითხია, რადგანაც ის ასეთ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა.
პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო და ეს კი ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ბერძენიშვილის თქმით, შეიძლება ილჰამ ალიევს არ აწყენინო და აწყენინო მოგერინს. საქართველოს მომავალი კი არა ალიევი არამედ მოგერინია. ასეთი დამოკიდებულება კი მხოლოდ და მხოლო ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
თბილისიდან გაუჩინარებული და აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, მის გატაცებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ადანაშაულებს. მუხთარლისთან სატელეფონო ინტერვიუს “ტევე პირველი” ავრცელებს.
როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აცხადებს, გიორგი კვირიკაშვილმა გასცა ბრძანება მისი გატაცების შესახებ, ასევე მუხთარლი საქართველოს საბაჟო ხელმძღვანელს და ლაგოდეხის საბაჟო პუნქტის კრიმინალურ პოლიციასაც ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში დააკავეს. ჟურნალისტს აზერბაიჯანის პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.
აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა -გამშვებ პუნქტზე.
ავტორი: ელზა პაპოშვილი