ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის ფაქტზე სასამართლო დღეს განახლდება

“მეტრონომი” სასამართლოდან

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის ფაქტზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდა. როგორც დაცვის მხარემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხება.

პროკურორ ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, მოწმეები სასამართლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. ისინი სრულწლოვნები არიან. ერთ-ერთი მათგანი სკოლის პედაგოგია.

დღეს ასევე, დაცვის მხარე ახალი მტკიცებულების სახით სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზის დართვას მოითხოვს. ადვოკატის თქმით, ექსპერტიზა დაცვის მხარის ინიციატივით დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ჩაატარეს და მისი შინაარსი გარკვეულწილად ცვლის გარემოებებს. ის ჭრილობების, მიყენებული დაზიანებების შესწავლას ეხება.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....