პოლიციის პოლკოვნიკი,სამართალდამცავთა დაცვის ლიგის წევრი, ზაზა ჭაია „მეტრონომთან“ ბოლო დროს ქვეყანაში კრიმინალური ფაქტების მატებას აფასებს. ჭაიას თქმით, 2013 წლიდან ქვეყანაში კრიმინალმა ფრთები გაშალა და დანაშაულის რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. პოლკოვნიკი ამბობს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოებას ამის სხვადასხვა მიზეზებს უსახელებდნენ.
მისი თქმით, თავიდან მოსახლეობას ეუბნებოდნენ, რომ ეს ყველაფერი ეჩვენებოდათ და კრიმინალის ზრდა არ იყო. შემდეგ მიხვდნენ, რომ ამ არგუმენტს გამყარება სჭირდებოდა და ახლა მედიას დააბრალეს, თითქოს და სიტუაციის დრამატიზებას სწორედ ჟურნალისტები ახდენდნენ.
თუმცა ჭაია ამბობს, რომ როდესაც ამანაც არ გაამართლა, შემდეგ თქვეს, რომ დანაშაული ყოველთვის ხდებოდა, ხდება და მოხდება, თუმცა რა რიცხვით და ინტენსივობით, ამას აღარ ხსნიდნენ. შემდეგ საერთოდ გაჩუმდნენ და თქვეს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში დანაშაულის რიცხვი ყოველთვის მატულობს. პოლკოვნიკის თქმით, რეალური მიზეზი კი სრულიად სხვაა, რომელთან ბრძოლაც კომპლექსურად უნდა მოხდეს.
„სიმართლისთვის უდა ვთქვათ, რომ ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ არსებული პრობლემა აღიარა. რაც ჩემი აზრით, ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ბანკების, ოჯახების დაყაჩაღება, არასრულწლოვანთა დანაშაული, არასრულწლოვნების მიმართ ძალადობა, ნარკოვაჭრობის პრობლემა, ასევე, საზღვარზე არსებული ცუდი სიტუაცია და მემგონი სფერო აღარ დარჩა, სადაც ბოლოდროს კრიმინალური მდგომარეობა დამძიმებული არ არის.
ამ პრობლემებზე ჩვენ წლების წინ ვსაუბრობდით, თუმცა ყურად არავინ იღო. ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი ბანალურია. კრიმინალური დანაშაულის მკვეთრი ზრდა, გამოწვეულია იქიდან, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სახელმწიფომ უკიდურესად შეასუსტა ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. მიუშვა ის თავის ნებაზე და მის მიმართ ყურადღება მოადუნა, რასაც ცხოვრების ყველა სფეროში დანაშაულებრივი სამყაროს გავლენის აღდგენა მოჰყვა. ამან კი დაუსჯელობის განწყობა და გრძნობა შექმნა, რამაც ყველა სფეროში დანაშაულის აფეთქებას ხელი შეუწყო.
თქვენ თუ დააკვირდებით, კვირაში ერთხელ მაინც, ისეთი ტრაგედია ხდება, რომელიც საზოგადოების აღშფოთებას იწვევს. სახელმწიფო შემდეგ, იწყებს ამ ფაქტებზე რეაგირებას, ორგანიზებულ დანაშაულს კი საერთო მიდგომა ჭირდება, რაც გულისხმობს დანაშაულის აღრიცხვიანობის მოწესრიგებას, პრევენციას, აღკვეთას და დროულ გახსნას”, – ამბობს ზაზა ჭაია “მეტრონომთან”.
მისივე თქმით, დღევანდელი შინაგან საქმეთა სამინსტროს ახალი ხელმძღვანელი გუნდი, ცდილობს, რომ არსებულ მდგომარეობას არ შეეგუოს და ეფექტური იყოს. ჭაია ამბობს, რომ ახალ გუნდს ყველაფრის დაწყება ნულიდან უწევს და მას როგორც საზოგადოება, ასევე ორგანიზებული დანაშაული დროს უბრალოდ ვერ და არ აძლევს.