ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ ბირკიანში VIII საუკუნის ეკლესიის ტერიტორია უნებართვოდ გათხარეს

ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ტერიტორიაზე უნებართვო სამუშაოები აღკვეთეს. ამის შესახებ მათ ცნობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „საყდრისის კომიტეტის“ წევრებმა მიაწოდეს.

„მონიტორინგისას აღმოჩნდა, რომ ტაძრის ინტერიერში, მის აბსიდთან და სამხრეთის მინაშენის დასავლეთ კედლის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებული თხრილების შედეგად სამარხები დაზიანდა“, – აცხადებენ სააგენტოში.

ამ ფაქტზე სააგენტომ მიმართა პოლიციას. გამოძიება უკვე დაწყებულია და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
პარალელურად, ბირკიანის ღვთისმშობლის ეკლესიაზე სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის მიერ უკვე მომზადდა სააღრიცხვო ბარათი და ფოტო-ვიზუალური მასალა, რომლის საფუძველზეც VIII საუკუნის დროინდელ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება.

შეგახსენებთ, რომ ბირკიანის ღვთისმშობლის ეკლესია VIII-IX საუკუნეების დარბაზული ეკლესიაა თანადროული სამხრეთისა და დასავლეთის მინაშენით. ეკლესია ნატეხი ქვითაა ნაგები, კუთხეებში გამოყენებულია შირიმის ქვები. სამხრეთის მინაშენი ორნაწილადაა გაყოფილი: აღმოსავლეთის მხარე – პასტოფორიუმი უაბსიდოა და ტაძარს კარით უკავშირდება. დასავლეთ ნაწილს კი აღმოსავლეთის აბსიდი აქვს. ის დასავლეთ მინაშენთანაა დაკავშირებული და ამგვარად გარშემოსავლელს ქმნის.

იტვირთბა....