ახალი ამბები მთავარი სამართალი

ერთ-ერთი ვერსიით, დოდო გუგეშაშვილისა და მისი შვილის თავდამსხმელი დაჭრილია

ერთ-ერთი ვერსიით, დოდო გუგეშაშვილისა და მისი შვილის თავდამსხმელი დაჭრილია. გუშინ, დიღმის ტყე-პარკში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მედიაში გავრცელებული ვერსიით, სამართალდამცველები სისხლის კვალს მიჰყვნენ.

როგორც მეზობლები ყვებიან, მათ სავარაუდოდ, მკვლელი დაინახეს. მათი აღწერის მიხედვით, კაცი საშუალო ასაკის და აღნაგობისაა, რომელსაც ხელში ლურჯი ქურთუკი და ამავე ფერის ცელოფანი ეჭირა, თვითმხილველთა თქმით, ის კიბეზე ჩარბოდა.
მეზობლები იმასაც ამბობენ, რომ გუგეშაშვილების სახლიდან ჩხუბისა და დაპირისპირების ხმა ისმოდა, თუმცა მათ გასროლის ხმა არ გაუგიათ.

კიდევ ერთი ვერსიით, რომელსაც “კურიერი” ავრცელებს, სროლის ხმაზე საძინებლიდან თავად დოდო გუგეშაშვილი გავიდა, შვილს გადაეფარა, რა დროსაც შეირაღებულმა თავდამსხმელმა თადარიგის პოლკოვნიკს გულში ესროლა. მეზობელი ყვება, რომ დოდო გუგეშაშვილი მე-13 სართულიდან მე-11-ზე გაჭირვებით ჩავიდა, ის სისხლიანი იყო და შველას ითხოვდა.

გუშინ, მხედრიონის ყოფილი ლიდერი და მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაცხრილეს. ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილი, როგორც “მეტრონომს” ღუდუშაურის საავადმყოფოში განუცხადეს, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.

გავრცელებულია ვერსია, რომ დოდო გუგეშაშვილმა საავადმყოფოში შეყვანამდე სამართალდამცველებს მკვლელის ვინაობა დაუსახელა. ამ ვერსიას ვერ ადასტურებენ მისი მეგობრები, რადგან მათი თქმით, ერთადერთი რაც დოდო გუგეშაშვილმა მათ კითხა, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.

„კურიერის“ ინფორმაციით, ერთ-ერთ ვერსიაზე, რაზეც სამართალდამცველები მუშაობენ, ნოდარ გუგეშაშვილის მიმართ პირადი ანგარიშსწორებაა.

იტვირთბა....