ბოლო 4 თვის განმავლობაში, პანკისის საჯარო სკოლებს მოსწავლეები ტოვებენ. ომალოსა და დუმასტურში სწავლა 60-მა მოსწავლემ შეწყვიტა, დუისში 35-მა, ჯოყოლოსა და ბირკიანში კი 26-მა. მიზეზად ოჯახების საზღვარგარეთ წასვლას ასახელებენ. ინფორმაციას radioway -ი ვრცელებს.
დუისის საჯარო სკოლის დირექტორის ლილი სვიაკაურუს თქმით, სკოლა მხოლოდ დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დატოვეს. „გასული წლის ზაფხულიდან დაიწყო ეს პროცესი და ამ ბოლო დროს, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ მოიმატა სკოლიდან წასვლის მსურველთა რაოდენობამ. ძირითადად ახალგაზრდა ოჯახები მიდიან“.
2016-2017 წლებში პანკისის სოფელ ომალოს საჯარო სკოლაში 203 მოსწავლე ირიცხებოდა, 2017 წლის 15 სექტემბერის მდგომარეობით კი – 200. სკოლის დირექტორის, ბელა გუნაშაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სექტემბრიდან დღემდე სკოლა 30-მა მოსწავლემ დატოვა.
„როცა ბავშვის გაყვანის შესახებ განაცხადს აკეთებენ, უთითებენ, რომ სამოგზაუროდ მიდიან, მაგრამ უკან ჯერ არავინ დაბრუნებულა. მხოლოდ 2 ოჯახის შესახებ ვიცით, რომ შესაძლოა დაბრუნდნენ“, – აღნიშნავს ომალოს სკოლის დირექტორი.
ასევე შემცირებულია პანკისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რაოდენობაც.სოფელ ჯოყოლოს საბავშვო ბაღში 2015 წელს 65 აღსაზრდელი ჰყავდათ, 2016-2017 წლებში ბავშვების რაოდენობა 55-მდე შემცირდა, 2017 წლის სექტემბერში 50 აღსაზრდელი დაარეგისტრირეს, ბოლო 4 თვეში კი ბაღი კიდევ 10-მა ბავშვმა დატოვა.