განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, რომ დამატებით, 3 000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი აშენდება.
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საერთო საცხოვრებელს კერძო ინვესტორები ააშენებენ და ასევე თსუ-ს მეორე კორპუსის რეაბილიტაციაც დაიწყება.
ჩხენკელმა აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტი ინტელექტუალური ცენტრია, რომელსაც საზოგადოების ცხოვრებაში დიდი წვლილი შეაქვს.
„ყველას, მთელ საზოგადოებას, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, უნივერსიტეტის თანამშრომლებს მინდა მივულოცო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე. განათლების სამინისტრო ყოველთვის მხარს დაუჭერს ინიციატივებს, როგორც მეცნიერები, ასევე, განათლების კუთხით, რაც უნივერსიტეტში ხორციელდება.ასევე, სამინისტროს მხარდაჭერით უკვე გაიხსნა ლისის ტბასთან საერთო საცხოვრებელი. დაგეგმილია უფრო ფართომასშტაბიანი პროექტი, ეს არის 3 000 სტუდენტზე საერთო საცხოვრებელი, რომელიც აშენება. აქ კერძო ინვესტორები იქნებიან ჩართული და მალე დაიწყება მეორე კორპუსის რეაბილიტაცია და მისი რემონტი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
შეგახსენებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებები დაიწყო. ამასთან, ჩხენკელის თქმით, მეცნიერების ფესტივალი, რომელიც წელს ჩატარდება, მიეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს და ღონისძიება უნივერსიტეტში გაიმართება.

