უვადო მოსამართლედ დანიშვნის მსურველი, რევაზ ნადრია იუსტიციის არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.
კონკრეტულად, საქმე ეხება დოლიძის მიერ 6 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან “მოსამართლეები და სასამართლო სისტემა ადეიშვილის ნარჩენებად მოიხსენია”.
ნადარია ამბობს, რომ ანა დოლიძემ მის შეფასებაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, რადგან მან თითოეულ მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენა.
“ანა დოლიძე ავიცილე მისი განცხადებიდან გამომდინარე. მან თქვა, რომ მოსამართლეები, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდნენ სასამართლო სისტემაში და საქმეებს იხილავდნენ, არ უნდა დაინიშნონ. მან უკვე პირდაპირ და ცალსახად გამოთქვა წინასწარ აზრი ამ კონკურსანტების მიმართ. ის ჩემს მიმართ და ამ ტიპის კონკურსანტი მოსამართლეების მიმართ ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი. ვფიქრობ, რომ მან არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ჩემს შეფასებაში, გასაუბრებაში და ასევე კენჭისყრაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი აცილებით, ერთი ხმა აკლდება კონკურსანტს. მისი აცილება არავითარ შემთხვევაში არ არის თავისუფალი აზრის დევნა. თავისუფალი აზრის დევნა შეუძლებელია იყოს სასამართლო სისტემის ლანძღვა. მან თითოეულ მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენა, ნარჩენებად მოიხსენია ისინი. მისი არაეთიკური და პოლიტიკური განცხადებები სისტემას ზიანს აყენებს. ასევე შეურაცხყოფას აყენებს მთელ სასამართლო სისტემას”, – განაცხადა ნადარაიამ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან შეხვედრა ჯერ არ დასრულებულა.