საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ასოცირების საბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ მიღწეულია დიდი პროგრესი და უმნიშვნელოვანესი შედეგები, – ამის შესახებ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომელზეც ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.
საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრაზე განიხილეს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული ხელშესახები შედეგები. ამ კონტექსტში საბჭომ აღნიშნა 2017 წლის ანგარიში ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ, რომელშიც პოზიტიურად არის შეფასებული საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.
სხდომის შემდეგ საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართეს.
ფედერიკა მოგერინიმ 3 საკითხი გამოყო და განაცხადა, რომ მოხარულია იმით, რომ მეტმა ქართველმა ისარგებლა უვიზო რეჟიმით და მეტი პროდუქტი შევიდა ევროპულ ბაზარზე.
კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროკავშირის უდიდესი პარტნიორია როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონიმიკური მიმართულებით.