35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ საქმეში არ არსებობს არანაირი დამატებითი მტკიცებულება.
“არანაირი დამატებითი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ბრალდების მხარემ მიმართა ამ მზაკვრულ ხერხს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლოს დაეპატიმრებინა არასრულწლოვანი.
ყველაზე მთავარი დაზიანების ხარისხია. ბავშვებს რა დაზიანებაც აქვთ, ეს არაა მძიმე ხარისხი. მათ არ დასჭირდათ ოპერაციული ჩარევა და ბუნებრივია, ეს ძალიან კარგია. სამწუხაროა, რომ სასამართლო არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, მაშინ როდესაც ჩვენ ვართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ხელშემკვრელი მხარე და ზოგადად, პრიორიტეტი არათუ არასრულწლოვნების შემთხვებაში, სრულწლოვნების შემთხვევაშიც ენიჭება არასაპატიმრო ღონისძიებას. მან პრაქტიკულად დააპატიმრა ბავშვი, რომელიც მე-12 კლასში წარჩინებით სწავლობს, ის ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო ბრალდების შუამდგომლობა, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ”, – განაცხადა ჭკადუამ.
ჭკადუა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
„რასაკვირველია, გავასაჩივრებთ და ჩვენ დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარებაზე ჩატარდება, რაც საფუძველი გახდება ჩვენთვის კიდევ ერთხელ მივმართოთ სასამართლოს და ბრალდების მხარეს კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ჭკადუამ.
ცნობისთვის, 31 იანვარს წითელ ბაღში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს არასრულწლოვანმა სამი მოზარდი დაჭრა – ორი გულმკერდის და მუცლის არეში, მესამეს კი მსუბუქი ჭრილობა ხელზე მიაყენა.
ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.