თბილისის მერმა კახი კალაძემ ვაშლიჯვარში მდებარე N33 ბაგა-ბაღი დაათვალიერა. რომლის მშენებლობაც 2017 წლის ოქტომბერში დასრულდა, თუმცა შენობაში კედლები რამდენიმე ადგილას გაბზარულია და დაზიანებულია ჭერიც.
„კონკრეტულად ამ მშენებლობასთან არის სერიოზული პრობლემები. ჩემს მოადგილეს დავავალე, დღესვე დაიბარონ კომპანია, ვინც სამუშაოები განახორციელა და მოსთხოვონ შესაბამისი პასუხი. შეუძლებელია, თავი დავუხაროთ ასეთ მშენებლობებს და ასეთ ხარისხს, რაც სახეზე გვაქვს. მომდევნო წლების განმავლობაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა ხარისხიან მშენებლობებს. მესმის, რომ თავიდან შეიძლება პრობლემები იყოს, მოგვიწევს ბრძოლა, მაგრამ გადავტეხავთ. არანაირი დათმობა არ იქნება ამ მიმართულებით, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება პატარებს, საქმე ეხება მშენებლობას, ვიქნებით ძალიან უკომპრომისოები. ეს იქნება ყველა მიმართულებით, არა მხოლოდ საბავშვი ბაღის. გზებთან დაკავშირებით გვექნება ანალოგიური მოთხოვნა სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, მშენებლობებთან და აშ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახი კალაძის თქმით, ნაგებობას ექსპერტიზა უახლოეს დღეებში ჩაუტარდება და გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა შენობაში სასწავლო პროცესი რეაბილიტაციის ჩატარებამდე.