თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა, ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში აღნიშნა, რომ თემირლანი სიცოცხლეში დაკავებული იყო, ადვოკატს მისთვის ფოტოს გადაღების უფლებასაც არ აძლევდნენ.
”დღეს ჩვენ მოვითხოვეთ, ცოტა რთულია ამის მოთხოვნა, რომ თემირლანი მის სიცოცხლეში დაკავებულად იყოს ცნობილი. თუ ჩვენ ვიაზრებთ და ვთანხმდებით, რომ დაკავებისთვის არსებობს შესაბამისი საპროცესო ვალდებულებები განსახორციელებელი და ისინი ვერ განხორციელდა და ამ პროცედურების დაუცველობის გამო იგი დაკავებულად ვერ იქნება ცნობილი, მაშინ რა სამართლებრივი საფუძვლით და რა უფლებით ახორციელებდა შესაბამისი სამსახური 24-საათიან რეჟიმში საავადმყოფოში მის თავთან 3-4 პირის მხრიდან დაცვას და ზედამხედველობას?! მაგალითად მე არ მქონდა მისთვის ფოტოს გადაღების უფლება. შევედი პალატაში, მინდოდა ფოტო გადამეღო და მითხრეს, რომ ტელეფონის გამოყენების უფლება არ მქონდა. რა უფლებით ხორციელდებოდა ეს? აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ იგი დაკავებული იყო. ჩვენ მოვითხოვთ და ვაჟღერებთ ოჯახის განცხადებას, რომ რაღაც ფორმით ჩაგვრთონ დაკავების საკითხებში”, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, პროკურატურამ ოჯახის დაზარალებულად ცნობაზე და საქმის მასალების გადაცემაზე უარი განაცხადა.