ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაჩალიკაშვილების ოჯახს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ განემარტათ, რომ ამ ეტაპზე ისინი დაზარალებულის სტატუსს ვერ მიიღებენ.
“საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და საგამოძიებო ჯგუფი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს მიეწოდათ ინფორმაცია  პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარე გამოძების შესახებ.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა და საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების კითხვებს უპასუხეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ, გამოიკითხნენ მოწმეები, ასევე სროლის ტრაექტორიის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია სასამართლო სამედიცინო და კომპლექსური (გენეტიკური, ბალისტიკური და ტრასოლოგიური) ექსპერტიზები, რომელიც დღეის მდგომარეობით დასრულებული არ არის.
შეხვედრაზე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ოჯახისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებაზე, რაზეც მათ განემარტათ, რომ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით არ არის დასრულებული ზემოხსენებული ექსპერტიზები და ჩასატარებელია სხვა საგამოძიებო მოქმედებები, პროკურორის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე ოჯახის ადვოკატს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებაზე ამ ეტაპზე უარი ეთქვა. მიუხედავად აღნიშნულისა, ოჯახს და ადვოკატს მიეცათ შესაძლებლობა და ოჯახის ადვოკატები და მათ მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც ასევე მონაწილეობას იღებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში, გაეცნენ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს.
საქმეზე აქტიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მტკიცებულებათა მოპოვება და მიღებული შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება ოჯახს და საზოგადოებას”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იტვირთბა....