მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ისინი ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულები. გამოძიება ორ პირს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
გიორგი სილაგაძე მოსამართლემ ბრალდების მიერ წაყენებულ ორივე მუხლში, წვრილმანი ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, დამნაშავედ სცნო და 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ხოლო მეორე დაკავებულს, გიორგი მენაბდიშვილს 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს უარყოფს გიორგი სილაგაძე.
მეტროსადგურში ორი პირის დაკავების ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, ისინი მიიჩნევენ, რომ პოლიციამ უფლებამოსილება გადაამეტა.
შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა 2 დღის წინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მეტროსადგურში შეკრებილ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა. საპატრულო ეკიპაჟის მისვლისას კი კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე ახალგაზრდა მეტროპოლიტენის მიმართულებით გაიქცა.
“პატრულ-ინსპექტორებმა ისინი იდენტიფიცირების მიზნით შეაჩერეს. იმ დროს, როდესაც პოლიცია კანონით დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა და ახალგაზრდების იდენტიფიცირებას ახდენდა, საპირისპირო მხარეს მოძრავი ესკალატორიდან, ორი პირი – 1992 წელს დაბადებული გ. ს. და 1982 წელს დაბადებული თ. მ., რომლებსაც არანაირი კავშირი ახალგაზრდების შეჩერების პროცესთან არ ჰქონიათ, გამოესარჩლნენ პოლიციის მიერ კანონიერად შეჩერებულ ახალგაზრდებს, გააპროტესტეს პოლიციელთა კანონიერი ქმედება, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოიჩინეს აგრესია, გადააფურთხეს და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს”- აღნიშნა ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა დაკავებულ ორ პირზე.