“დასჯადი ხდება კანონიერი ქურდისთვის მიმართვაც”- ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ შევიმუშავეთ კანონში ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
ასევე, დასჯადი ხდება კანონიერი ქურდისთვის მიმართვაც. შსს-ში მიმდინარეობს ძირეული ცვლილებების პროცესი. გიორგი გახარიას ამ პროცესში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს. საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას, ქურდული სამყაროს წევრისთვის/კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს და ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის.

