კახა კალაძე ცხოველთა უფლებების დამცველებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უპასუხისმგებლობაა მერიის რომელიმე სამსახურის მიერ მიზანმიმართულად ძაღლების დახოცვაში დადანაშაულება.
“ეს არის დეზინფორმაცია. ზოგადად ორ ნაწილად დავყოფდი ამ ადამინებს – ადამიანების ერთი ჯგუფი, ვისაც მართლა გული შესტკივა დედაქალაქზე. ძალიან ხშირია შეტევები, კონკრეტული ინფორმაციით, ფოტოებით გვაცნობებენ, რომ აქ არის პრობლემა და მერია ამაზე რეაგირებს. ბევრი ცვლილება განხორციელდა ამ მიმართულებით. როდესაც დაფიქსირდა პრობლემა, მივედით და ეს პრობლემა მოგვარდა. თუმცა არსებობს მეორე ჯგუფი, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. შეიძლება მართლაც იხოცებიან ცხოველები, ძაღლები, არ ვიცი, არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუმცა თუ იხოცებიან დასადგენია, რისგან და რა არის პრობლემა და არა ის, რომ ეს არის მიზანმიმართულად მერიის რომელიღაც სამსახურის მიერ გაკეთებული. ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცხოველთა უფლებების დამცველები შეშფოთებას გამოთქვამენ სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ ფუნქციების და ამოცანების აცდენის გამო არამხოლოდ საერთაშორისო რეკომენდაციებსა და პრაქტიკასთან, არამედ საკუთარი დებულებით გაწერილ ფუნქცია-მოვალეობებთან.

