ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაჩალიკაშვილის ოჯახსა და მთავარ პროკურორს შორის შეხვედრა დასრულდა

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, პროკურატურამ ოჯახის დაზარალებულად ცნობაზე და საქმის მასალების გადაცემაზე უარი განაცხადა.

“მათი განმარტებით, იქამდე, ვიდრე არ იქნება ექსპერტიზის დასკვნები, დაზარალებულად ცნობა შეუძლებელია. მე მესმის, მე იურისტი ვარ და ვიცი, რომ გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებთან მიმართებაში არსებობს თმენის ვალდებულება, თუმცა ამის გაგება ოჯახის წევრებისთვის რთულია. მეორე მოთხოვნა იყო წვდომა საქმის მასალებთან მიმართებაში. მათი განმარტებით, კანონმდებლობიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლო მასალებზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმეში ინახება, წვდომა ვერ მოხდება”,- განაცხადა ადვოკატმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის პანკისში შეხვედრას ითხოვდა, თუმცა მან გადაწყვეტილება პროკურორის განცხადების შემდეგ შეცვალა, მან მზადყოფნა გამოთქვა ოჯახთან შეხვედრის, მთავარ პროკურატურაში.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელებმა დაჭრეს. ის ორი კვირის განმავლობაში თბილისში მკურნალობდა, თუმცა 10 იანვარს გარდაიცვალა.  ოჯახი სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს და ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

იტვირთბა....