ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თანამედროვე ტექნოლოგიები ვითარდება და შესაბამისად, ქურდული სამყაროც ვითარდება”

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს მთავრობის სხდომაზე დღეს წარადგენენ.

მისი თქმით,  თანამედროვე ტექნოლოგიები ვითარდება და შესაბამისად, ქურდული სამყაროც ვითარდება.

“დღეს, მთავრობის სხდომაზე ჩვენ წარვადგენთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, რადგან გვინდა რაც შეიძლება მალე მივმართოთ პარლამენტს. რაც შეეხება თავად საკითხს, მოგეხსენებათ, დღეს ქვეყანაში სასამართლოს სტანდარტმა ძალიან აიწია, შესაბამისად, ქურდულ სამყაროსთან მიმართებაში საკანონმდებლო ჩარჩო არის შესაცვლელი. ამასთან, თანამედროვე ტექნოლოგიები ვითარდება და შესაბამისად, ქურდული სამყაროც ვითარდება, ამიტომ კანონმდებლობაც უნდა განვითარდეს. ის ცვლილებები, რომელიც იქნება წარდგენილი ჩვენი ინიციატივით, ჯერ მთავრობის და შემდეგ პარლამენტის წინაშე, ითვალისწინებს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის გამოცდილებას და იქნება ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ამ მიმართულებით”, – განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს. საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას, ქურდული სამყაროს წევრისთვის/კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს და ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის.

იტვირთბა....