გახარია გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც შეწყალების აქტში ცვლილებები შეიტანა. გახარიას განცხადებით, თუ ეს ცვლილებები ნარკორეალიზატორებს ეხება, სახელმწიფო ამის კატეგორიული წინააღმდეგი იქნება.
“თუ საქმე ეხება ნარკომომხმარებლებს, ჩვენ აქ პრობლემას ვერ ვხედავთ და უფრო მეტიც, ჩვენ კონკრეტული გეგმაც გვაქვს. გვაქვს კონკრეტული შეთავაზება საკანონმდებლო ცვლილების სახით, თუ როგორ გახდეს ნარკომოხმარების მიმართულებაში უფრო ჰუმანური. ამაში წინააღმდეგობას ვერ ვხედავ და იმ შემთხვევაში, თუ ეს ეხება ნარკორეალიზატორებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით კატეგორიული წინააღმდეგი. ვიმეორებ, ჩვენი ჰუმანურობა არ უნდა გახდეს რისკის შემცველი წახალისების მიმართულებით. თუ საქმე ეხება ნარკომომხმარებელს, ჩვენ უკვე ვდგამთ ნაბიჯებს წინ, აქ სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური მიდგომა სახეზეა და თუ ნახავთ სტატისტიკას, ამ მიმართულებით ფაქტობრივად მსჯავრის გამოტანა აღარ ხდება, ხოლო თუ საქმე ეხება გამსაღებლებს, აქ ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად კატეგორიული”, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება.

