კომპანია “ნილისის” დირექტორი, რომელიც საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტით ამარაგებს, ამბობს, რომ შესაძლოა მათ წინააღმდეგ ადგილი დივერსიას ჰქონდეს. მან ეს განცხადება იმ ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც, თბილისის მე-100 საბავშვო ბაღში, პურში საკანცელარიო დანის პირი აღმოაჩინეს.
გიორგაძის განმარტებით, გავრცელებული ფოტო მისი კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციას არ შეესაბამება. კახა გიორგაძე ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა კონკურენტ კომპანიებს უკავშირდებოდეს და ამას ვიღაც მიზანმიმართულად აკეთებს.
„ჩვენი კომპანია ბაღესბ დაჭრილ პურს აწვდის. ამ საჭრელ დანებს შორის არის სანტიმეტრნახევარი შუალედი. წარმოუდგენელია, რომ პურთან ერთად დანის პირიც გაეჭრა პურის საჭრელ დანას. გარდა ამისა, ჩვენი სატენდერო მოთხოვნაა, რომ იყოს ოთხკუთხედი პური თანაბარ ნაჭრებად დაჭრილი. რა ფოტოც გავრცელდა, ის ჩვენს მიერ წარმოებულ პურს არ შეესაბამება”, – განაცხადა კახა გიორგაძემ.
კომპანიის დირექტორი ყურადღებას კიდევ ერთ ფაქტზე ამახვილებს და აცხადებს, რომ მათი სადისტრიბუციო ავტომობილიდან იმ ობიექტების სათავსოების გასაღებები მოიპარეს, სადაც კომპანიას საკვები შეაქვს. შესაბამისად, ის ეჭვობს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ”დივერსიულ” შემთხვევებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ კომპანია “ნილს“ საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით მომსახურებისთვის ერთთვიანი ხელშეკრულება იანვრის დასაწყისში გაუფორმა, რომელიც 15 იანვრიდან ამოქმედდა. ხელშეკრულების თანახმად, “ნილი“ ერთი თვის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით 171 ბაღს უნდა მოემსახუროს.