რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრაღაში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“წლის ბოლოს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა მესამედზე მეტით გაიზარდა და ერთ მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. რუსეთი არის ქართული პროდუქციის მთავარი იმპორტიორი.კერძოდ, რუსულ ბაზარზე საქართველოში წარმოებული მთელი ღვინის ორიმესამედი მოხვდა. მდგრადად ვითარდება სატრანსპორტო კავშირიც. მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გათვალისწინებით, ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლება განიხილავს დამატებითი რეგულარული ავიარეისების დანიშვნის შესაძლებლობას. ზემო ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დატვირთულობასთან დაკავშირებით სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს სარკინიგზო-საბორანე კავშირი პორტ-კავკაზსა და ფოთს შორის.
რუსულმა მხარემ გამოთქვა შეშფოთება საქართველოს აშშ-სთან და ნატოსთან მზარდი სამხედრო თანამშრომლობის გამო, მათ შორის მანევრების ჩატარების, იარაღის მიწოდებისა და სამხედროების სწავლების გამო. აღინიშნა, რომ თბილისის ასეთი კურსი, საერთაშორისო პლატფორმებზე კონფრონტაციული ანტირუსული ქმედებებით, ორმხრივი ნორმალიზაციის მიღწევებს საფრთხის წინაშე აყენებს.
პასუხად მას მოუყვანეს დოკუმენტის კონკრეტული ტექსტი. ამასთან, გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ ამ საერთაშორისო შეთანხმების პოლიტიკური არსის დიდი ხნის წინ ცნობილი განსხვავებული შეფასებები პრობლემად არ უნდა იქნეს წარმოჩენილი. საჭიროა მხოლოდ შეთანხმების შესრულება მისი პირობების შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია.
ადმინისტრაციის ცნობით,დიალოგის ფარგლებში აბაშიძემ, ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესებზე.
ცნობისთვის, ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი ერთმანეთს 31 იანვარს შეხვდნენ.