პროკურატურა ხელს არავის აფარებს, – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარის გამოძიების კომენტირებისას განაცხადა.
”პროკურატურა ხელს არავის აფარებს. თავიდანვე გავრცელდა გარკვეული სპეკუალაციები ამ საკითხზე და ის ადამიანი, ვისი შვილიც ინციდენტში მონაწილეობდა, უკვე დიდი ხანია აღარ მუშაობს პროკურატურის სისტემაში. ამ ინციდენტში მონაწილეობდა ათეულობით პირი და არასრულწლოვანი. ყველა მონაწილე დაკითხულია. ისინი დაიკითხებიან ასევე სასამართლოში. მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, სასამართლოს მიაწოდონ ის ინფორმაცია, რაც აქვთ. ამ ეტაპზე, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ყველა შემსწრე პირის დაკითხვისას მიღებული ინფორმაციით გამოკვეთილია ორი პიროვნება, რომელიც ამ ეტაპზე მიცემულია პასუხისგებაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.