“გვიჩნდება კითხვა, რამდენად უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის რეფორმირება ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდებას”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისი თქმით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შემოთავაზებული ვერსია მოულოდნელი იყო და პოზიციის ჩამოსაყალიბებლად სახალხო დამცველს დრო სჭირდება.
ნინო ლომჯარიამ იმ კითხვებიც დაასახელა, რაც მას ახალი მოდელის მიმართ ამ ეტაპზე გაუჩნდა.
„ეს ვერსია ჩვენთვის გარკვეულწილად მოულოდნელი იყო. კერძოდ, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის რეფორმირება და მისთვის საგამოძიებო ფუნქციების მინიჭება. ამიტომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება დრო, რათა ჩამოყალიბებული პოზიციები გვქონდეს. თუმცა, ამ ეტაპზე რა საკითხებიც ჩვენი მხრიდან წინ არის წამოწეული და რა კითხვებიც გვიჩნდება, არის სწორედ ის, ინსპექტორის აპარატში რამდენად უზრუნველყოფს აღნიშნული ვერსია ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდებას.
იქიდან გამომდინარე, რომ ინსპექტორი, ერთი მხრივ, ზედამხედველობას და კონტროლს უწევს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს და პერსონალური მონაცემების დაცვას, მეორე მხრივ, ის ამ კანონპროექტით ოპერატიულ სამძებრო მოქმედებების ჩატარების უფლებამოსილებებით აღიჭურვება. კითხვა გვიჩნდება – როგორ მოხდება ამ პროცესში ინსპექტორის აპარატის მხრიდან ზედამხედველობა პერსონალური მონაცემების დაცვაზე.
ასევე, გვაქვს შეკითხვა – ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა რამდენად მოხდება მაშინ, როდესაც ჩვენ გამოძიების დროს ინსპექტორის საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა გვრჩება. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდანაც. მივესალმები, რომ დისკუსია გაიხსნა და ამაზე მხოლოდ იდეის დონეზე არ ვსაუბრობთ. თუმცა, ჩვენ ნამდვილად ეფექტური მექანიზმი გვჭირდება“, – აღნიშნა ლომჯარიამ.
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ თეა წულუკიანმა დღეს გააკეთა განცხადება. როგორც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ მომზადებულ კანონპროექტშია ნათქვამი, 2019 წლის პირველი იანვრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სახელმწიფო ინსპექტორი გახდება.