ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მობილიზაციის სფეროში პრეზიდენტის ზოგიერთი უფლებამოსილება მთავრობას გადაეცემა

“მობილიზაციის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის გარკვეული უფლებამოსილებები მთავრობას გადაეცემა. ეს ცვლილება ერთ-ერთია სამხედრო სარეზერვო სამსახურის რეფორმირების თაობაზე პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტიდან.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში, პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების პარლამენტში დასამტკიცებლად შეტანას ვეღარ შეძლებს, ასევე აღარ ექნება მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილება.

კანონპროექტის მიხედვით, მობილიზაციის დროს სამხედრო ძალებში გაწვევის გადავადება და გაწვევის გადავადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეჩერება აღარ განეკუთვნება პრეზიდენტის უფლებამოსილებას. აღნიშნული საკითხებს “სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი ახლებურად არეგულირებს.

თავდაცვის სამინისტრომ რეზერვის და მობილიზაციის ახალი კონცეფცია გამოაქვეყნა.სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ორი ტიპის რეზერვი: აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი.

იტვირთბა....