თემურ ჟღენტი, რომელიც მოკლული ჯარისკაცთან, ბექა რუსიასთან ერთად მსახურობდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.
რუსიას ოჯახის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი ჯაარისკაცის დედამ ჟღენტი საკუთარ ჩვენებაში მოწმედ დაასახელა, ახალგაზრდა პოლიციაში წაიყვანეს და მასზე ზეწოლა განხორციელდა. მუქარაზე და შანტაჟზე, გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატიც საუბრობს.
“როგორც მაცნობეს მისმა ნათესავებმა, დამირეკეს და მითხრეს, რომ ხორციელდებოდა მოწმეზე ზეწოლა, პოლიციას ყავდა წაყვანილი. დაზარალებული თავის მხრივ დაუკავშირდა გამომძიებელს. ამ ხმაურის შემდეგ, დაარეკინეს მოწმეს დაზარალებულისთვის, რომ ის გათავისუფლებული იყო, თუმცა შემდეგ გაითიშა ეს ტელეფონები და რამდენიმე საათს გრძელდებოდა მისი დაკითხვა პროკურატურაში ისე, რომ კავშირი ვერ ხერხდებოდა მოწმესთან, შემდეგ გამოირთო მისი ნათესავების ტელეფონიც,” – აცხადებს რუსიების ოჯახის ადვოკატი როლანდ შონია.
თავად ჟღენტმა კი პროკურატურა კომენტარის გარეშე დატოვა. გუშინ გამომძიებლები რუსიების ოჯახში იმყოფებოდნენ და ოჯახს იმ ვიდეო მასალის შესახებ კითხავდნენ, რომელიც მოკლული ჯარისკაცის ტელეფონში იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ 18 წლის ჯარისკაცი ნიკოლოზ რუბლევსკი მეორე საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “მეტრონომს” თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მას ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
“ჯარისკაცი სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის, უზრუნველყოფის და დაცვის ბატალიონის დაცვის ასეულის მესამე ოცეულის მსროლელად მსახურობდა. ის 19 ივნისს მეორე საგუშაგოზე გარდაცვლილი ნახეს.”-აცხადებენ პრესსამსახურში.