შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამინისტროს მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების გამოძალვის მცდელობის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი – მეტსახელად „ჩიკი“, „ბუბა“, „ამბერგუნა“ და კიდევ სამი პირი თბილისში, დედოფლისწყაროსა და წნორში ერთდროულად დააკავეს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯგუფის სამმა წევრმა, თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ შეთანხმებით, რამდენიმე მოქალაქეს „ქურდული გარჩევა“ მოუწყო და დიდი ოდენობით თანხა გამოსძალა. ამავე პირებმა, დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან ერთად, „ქურდული გარჩევის“ გზით, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის გამოყენებით, მათივე ნაცნობისგან მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს თანხა და მისგან ნარკოტიკული საშუალების გამოძალვას ცდილობდნენ.
გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ორმა წევრმა, მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა რამდენიმე პირს, რომლებსაც ბრალდებულებმა იარაღის მუქარით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და 1 დღე-ღამის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდათ.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას 2 გლუვლულიანი თოფი, „გეკოს“ ტიპის ცეცხლსასროლი თოფი, „კარაბინის“ ტიპის თოფი და 48 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია მობილური ტელეფონები და ინფორმაციის შემნახველი სხვა ელექტრონული საშუალებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულების „კანონიერ ქურდებთან“ კავშირს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან – „კაკო ტბილისკისთან“, ლავასოღლისთან, „ტოტორინოსთან“, „ენცოსთან“ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან, რომლებისგანაც იღებდნენ დავალებებს და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.
დაკავებულებიდან 3 პირს ქურდული სამყაროს წევრობა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო გამოძალვის მცდელობა ედება ბრალად. ერთ პირს – ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო გამოძალვის მცდელობა, ხოლო დაჯგუფების დანარჩენ ორ წევრს – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა.
დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – აღნიშნა მეზვრიშვილმა.