თბილისის N19, N84, N125 და N64-ე საბავშვო ბაღების აღსაზრდელები 11 ბაღში გადაანაწილეს.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ავარიულობის გამო დახურული ოთხი ბაღიდან აღსაზრდელების გადანაწილების პროცესი თითქმის დასრულებულია და ხვალიდან სააღმზრდელო პროცესი შეუფერხებლად განახლდება.
კერძოდ, მე-19 ბაგა-ბაღის აღსაზრდელები გადაანაწილეს N40, N23, N39-ე სმენადაქვეითებულთა ბაგა-ბაღებში. 125-ე ბაგა-ბაღის ბავშვები კი N84-34, N69, N98 და N94 ბაგა-ბაღებში, N84-ე ბაღის აღსაზრდელები N31, N56, N143-ე, ხოლო N64 ბაგა-ბაღის ჯგუფებს კი ხვალიდან N10 საჯარო ბაღი მიიღებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული ოთხი ბაღის ყველა ჯგუფი შენარჩუნებულია და არც აღმზრდელები შეიცვლებიან. ასევე, გათვალისწინებული იქნება მშობლების სურვილიც, თუ მოუნდებათ საკუთარი შვილის სხვა ბაღში გადაყვანა.
„ბავშვები გადანაწილდებიან ახლო მდებარე ბაღებში, ამასთანავე აღმზრდელი პედაგოგებიც და ადმინისტრაციული პერსონალიც. ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა და უახლოეს დღეებში გვექნება პროექტი ამ აღდგენითი, გამაგრებითი სამუშაოების. დღეიდან განახლდება სასწავლო პროცესი ამ ბაღებში,“-განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა გვანცელაძემ.