მოსკოვში პოლიცია ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ოფისში შეიჭრა. ნავალნის მხარდამჭერთა ინფორმაციით სამართალდამცველები შენობაში დამონტაჟებულ ბომბს ეძებენ.
„დოიჩე ველე“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პოლიციელებმა დააკავეს ნავალნის მოსკოვის ოფისის ხელმძღვანელი სერგეი ბოიკო და ასევე რამდენიმე თანამშრომელი. მათ მასობრივი აქციების ორგანიზების შესახებ კანონის დარღვევა დასდეს ბრალად.
ერთ-ერთ თანამშრომელს დიმიტრი ნიზოვცევს სმარტფონში დამონტაჟებული ბომბის დამალვაში ადანაშაულებენ.
სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს 40-ზე მეტი აქტივისტი.
ცნობისთვის, რუსეთის რამდენიმე ქალაქში დღეს ნავალნის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციები იმართება.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ მხარდამჭერებს საპროტესტო გამოსვლებისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი თქვა.
მაშინ, ოპოზიციონერმა მხარდამჭერებს გაფიცვისკენ და არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა.
„ცესკოში“ აცხადებენ, რომ ნავალნის რეგისტრაციაზე უარის იმის გამო უთხრეს, რომ ის ნასამართლევია და სასჯელი ბოლომდე მოხდილი არ აქვს.