ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლევან გორგაძეს, იმპერატორის თასი საზეიმოდ გადაეცა

დღეს ლევან გორგაძეს, იმპერატორის თასი იაპონიის განათლების, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიების მინისტრმა იოშიმასა ჰაიაშიმ საზეიმოდ გადასცა. ტოკიოში, სუმოს ცენტრალურ დარბაზ კოკუგიკანში გამართულ საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ცინცაძემ.

ქართველი სუმოისტის უპრეცედენტო გამარჯვება ქართველ ხალხს მიულოცა საქართველოს ვიცე – პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საზღვარგარეთ საქართველოს იმიჯის პოპულარიზაციაში ქართული დიასპორის წარმომადგენლების უმნიშვნელოვანეს როლს გაუსვა ხაზი.

„გულითადად ვულოცავ მთელ საქართველოს ტოჩინოშინის – ლევან გორგაძის გამარჯვებას! მეამაყება რომ სუმოს ისტორიაში ლევანია ერთ-ერთი ევროპელი იმ სამთაგან ვინც გახდა სპორტის ამ სახეობაში უმაღლესი ჯილდოს – იმპერატორის თასის მფლობელი. ლევანმა ამ წარმატებით და ასევე საკუთარი მოღვაწეობით უკვე მრავალი წელია მთელს მსოფლიოში სახელი გაუთქვა საქართველოს! გულითადი მადლობა ჩვენს მეგობარ იაპონელ ხალხს, რომლებიც დიდ სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავენ ლევანის მიმართ და ქართველებთან ერთად ზეიმობენ მის გამარჯვებას! გასულ წელს იაპონიაში ჩემი ვიზიტის დროს საქართველოს მთავრობის სახელით ლევანს მივანიჭეთ ტურიზმის საპატიო ელჩის წოდება, ეს ტიტული სიმბოლურად გამოხატავს ერთგვარ ხიდს, რომლითაც ლევანი თავისი წარმატებული მოღვაწეობით აკავშირებს საკუთარ სამშობლოს არა მხოლოდ იაპონიასთან, არამედ მთელს მსოფლიოსთან. ლევანის წარმატება კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რაოდენ დიდი პოტენციალის და ნიჭის მატარებელია ჩვენი ერი, რამხელა სიმაღლეებს აღწევენ ქართველები მთელს მსოფლიოში”, – განაცხადა ჯანელიძემ.

იტვირთბა....