სოფელ დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის სახლთან მოსახლეობა შეიკრიბა. როგორც პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი და მწერალი ხასო ხანგოშვილი აცხადებს, მოსახლეობაში არის შიში, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე მიწყნარდება.
„ეს არ არის წინასწარ ორგანიზებული შეხვედრა. უბრალოდ, მოსახლეობაში გაჩნდა ეჭვი, რომ გამოძიება გაჭიანურებულია. არის შიში და განცდა, რომ შეიძლება, საკითხი მიწყნარდეს. ამიტომ მოსახლეობა შეიკრიბა სპონტანურად განცხადების გასაკეთებლად. მოსახლეობა უპირველეს ყოვლისა მოითხოვს, შეხვედრა გენერალურ პროკურორთან მოხდეს. გვაინტერესებს რა კუთხით მიდის და სადამდეა მისული გამოძიება. შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ეს ანტიტერორისტული ისე ჟღერდება, რომ თითქოს, აქ ტერორისტები იყვნენ, ტერორისტულ ორგანიზაციებთან აქვთ კავშირი და ა.შ. მართლა შემაშფოთებელია, რომ ჩვენ 6000 ვართ და 6000-ში 5-6 ტერორისტი ძალიან ცუდად ჟღერს“, – აცხადებს ხანგოშვილი.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელებმა დაჭრეს. ის ორი კვირის განმავლობაში თბილისში მკურნალობდა, თუმცა 10 იანვარს გარდაიცვალა. ოჯახი სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს და ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს.