ახალი ამბები მთავარი სამართალი

გია ხუხაშვილი: „სანამ საზოგადოებას აქვს განცდა, რომ ვიღაც ჩამდებია – პრობლემა ვერ გადაიჭრება“

„ხელისუფლება არ არის ჩამოყალიბებული და საბაბს ეძებდა კანონპროექტის შესაჩერებლად, რადგან მას ძალიან ეშინია პოლემიკაში შესვლის, განსაკუთრებით თუ საქმე ეკლესიას ეხება“, – განუცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „მეტრონომს“ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის კომენტირებისას.

„საპატრიარქოს სიტყვის წონა ამ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ხელისუფლებაში, მაღალია და მას ძალიან ეშინია ასეთ პოლემიკაში შესვლა, განსაკუთრებით ეკლესიასთან. გარდა ამისა, თავად ხელისუფლება პოლიტიკურად არ არის ჩამოყალიბებული და საბაბს ეძებდა, რომ კანონპროექტი შეეჩერებინა. ეს ამ ხელისუფლების ბუნებაა, ურჩევნია, არ მიიღოს გადაწყვეტილება. თავად საკითხი რთულია. პირველ რიგში უნდა ჩამოვყალიბდეთ ვინ არის ნარკოპოტიკების მომხმარებელი – ავადმყოფი თუ ადამიანი, რომელსაც მკურნალობა ჭირდება. თუ მომხმარებელი ავადმყოფია, პირველ რიგში, სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურა უნდა შევქმნათ. საფიქრალი ისაა, რომ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოვემზადოთ სიტუაციის კონტროლისთვის. გარდა ამისა, ყველა კონტროლის მექანიმზმი უნდა გვქონდეს მომხმარებლისა და რეალიზატორის გასამიჯნად. ხშირ შემთხვევაში ჭირს ამ ორის დაშორიშორება.

თუმცა, მთავარი პრობლემა არის საზოგადოების მიერ სისტემის უნდობლობა. რატომ დაიწყო ჩადებაზე საუბარი – სწორედ ესაა მთავარი პრობლემა. თუ საზოგადოების ნდობა ძალოვანი უწყებებისადმი დაბალია, მაშინ არაფერს არ აქვს აზრი. რა ლიბერალიზაციაც არ უნდა მივიღოთ. თუ საზოგადოებას აქვს განწყობა რომ ვიღაც ჩამდებია, რა მნიშვნელობა აქვს, მეტს ჩაუდებენ და მორჩა, ადამიანს მომხმარებლიდან რეალიზატორამდე გადაიყვანენ. აქედან გამომდინარე, ეს არის საზოგადოების კომპლექსური ავადმყოფობა და მისი გადაჭრა ერთი საკითხის დარეგულირებით არ მოხდება“, – აცხადებს ხუხაშვილი.

იტვირთბა....