კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი თოქ-შოუ “რეაქციაში” ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებას, რომ “ბასიანის” დაცვის უფროსს მსუბუქი ჭრილობა აქვს მიყენებული, გამოეხმაურა. მისი თქმით, ადვოკატი ასეთი განცხადებებით ახალისებს ახალგაზრდებს, რომ “დანა იქნიონ”.
გელბახიანი გადაცემაში ტელეფონით ჩაერთო:
“გაოგნებული ვარ მაშინ, როდესაც თქვენ კრიმინალის ზრდას განიხილავთ ეს ქალბატონი 42 ნაკერიან ჭრილობაზე იძახის რომ ეს არის ნაკაწრი. თქვენ თვალს გადევნებთ ათასობით ახლაგაზრდა, რომლებსაც ახალისებთ იქნიონ დანა, ახალისებთ მათ მშობლებთ, რომ ამას დაარქვან ნაკაწრი. გაოგნებული ვარ, როგორც ერთ-ერთი ამ ქვეყნის მოქალაქე მსგავსი განცხადებით, როგორც შეიძლება 42-ნაკერიან ჭრილობას და სამი ადამიანის დაჭრას დაარქვა ჭრილობა და ამავდროულად ახსენო, რომ ჯერ არავინ იცის როგორი ჭრილობაა”, – განაცხადა ზვიად გელბახიანმა.
კლუბ “ბასიანში” 13 იანვარს, დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრეს. ბრალდებული, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია. განაჩენი პროკურატურამ გაასაჩივრა, რის შემდეგად ბრალდებულს სააპელაციო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.