კარფურში, სენდვიჩების განყოფილებაში ნაყიდი პროდუქტისგან ინტოქსიკაციის ფაქტს კომპანია სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
“კარფური მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით. ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოება ჩვენი პირველი პრიორიტეტია. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა გამოიკვლიოს შესაძლო ინტოქსიკაციის მიზეზი და უზრუნველყოს სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის უმაღლესი სტანდარტების დაცვა ყველა ჩვენს მაღაზიაში.
შეგახსენებთ, რომ კარფურის თითოეული მაღაზია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სისტემატიურად მოწმდება. რომელიმე სუპარმაკეტსა თუ ჰიპერმარკეტში რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში კარფურის მხრიდან მისი აღმოფხვრა უმოკლეს ვადებში ხორციელდება ასევე, უმოკლეს ვადებში ხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ყველა რეკომენდაციის 100%-ით შესრულება.
კარფური ყოველთვის ზრუნავს მომხმარებლების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე, აქედან გამომდინარე მხოლოდ მიესალმება სურსათის ეროვნული სააგენტოს მაღალ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ კარფურის ყველა მაღაზიას რეგულარულად უტარდება ჰიგიენის აუდიტი, ასევე, ხდება პროდუქტებისა და ზედაპირების ნიმუშების გაგზავნა დამოუკიდებელ, აკრედიტირებულ ლაბორატორიაში.“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, კარფურში ნაყიდი სენდვიჩებისგან ინტოქსიკაციით 6 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.
„თბილისი მოლში“, „კარფურში“ არსებული სენდვიჩების განყოფილებას სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი შეუჩერა.