“ქართული ოცნების“ დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი ჟურნალისტებს “ბახალას” საქმეზე ესაუბრა.
“სახელმწიფო დაუნდობელი იქნება ყველას მიმართ, ვინც ნარკოტიკული საშუალებებით სხვის შვილებს წამლავს. სახელმწიფო დაუნდობელი იქნება ყველას მიმართ, ვინც ნარკოტიკების გასაღების ფაქტეზე იქნება დაკავებული. სახელმწიფო დაუნდობელი იქნება ყველას მიმართ, ვისაც ჰგონია, რომ 400, 500 და 600 ადამიანის მოსახმარი ნარკოტიკი ჯიბეში უნდა ედოს. ბახალას დაკავება თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მოხდა. შესაბამისად, გამორიცხული იყო ავტობანზე ვინმე სხვა ფეხით მოსიარულე მოწმე ყოფილიყო. გამოძიება პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობდა. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა, რომ ბახალა ზემოქმედების ქვეშ იყო და ჯიბეში აღნიშნული ნარკოტიკები ჰქონდა. სრული სიცრუეა, რომ საქართველოში არის დრაკონული ნარკოპოლიტიკა და მოხმარებისთვის სასჯელს ათასობით ადამიანი იხდის. ეს არის ცილისწამება. სასჯელაღსრულების სისტემაში 5-6 პატიმარია, რომელიც მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდის სასჯელს.
შეიძლება გამომძიებელმა, პროკურორმა ვერ დაამტკიცოს, რომ ესა თუ ის ადამიანი არის ნარკოტიკების რეალიზატორი თუ მომხმარებელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს – უბრალოდ, დანაშაული ვერ დაუმტკიცეს და ამიტომ მის მიმართ ბრალი მოიხსნა“, – აღნიშნა ზარდიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს.