ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნოდარ ხადური :„სიტროენ ჯორჯიას“ საჩივრების გამო ერთი წლის განმავლობაში ოთხი ტენდერი ჩაიშალა

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ნოდარ ხადურმა კომპანია “სიტროენ ჯორჯიას” მიერ ჩაშლილ ტენდერებზე ისაუბრა.

“სასწრაფო სამედიცინო მანქანებთან დაკავშირებით 2016 წლის შემოდგომაზე შემოვიდა „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი, რომელზეც 2016 წლის 23 დეკემბერსვე უარი ეთქვა განხილვაზე. მათ მიიღეს ეს უარი და არ გაასაჩივრეს, შესაბამისად, ის შევიდა კანონიერ ძალაში. აქ საუბარი ყო იმაზე, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებზე დაწესებული იყო ე.წ crash test. ეს საკითხი არის ტექნიკური და სცილდება კონკურენციის სააგენტოს კომპეტენციას, მაგრამ crash test-ის დაწესებით არ შეზღუდულა ბაზარზე მონაწილე კომპანიის რაოდენობა.

ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ოთხი ტენდერი ჩატარდა, რეანიმობილების შემოსაყვანად. ოთხივე ტენდერი ჩაიშალა „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივრების გამო. საჩივრები შეეხებოდა რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის ბაზარზე არსებულ მორგებულ პირობებს და ა.შ. ამის შემდეგ, სატენდერო კომისიამ ეს ე.წ crash test მოხსნა სატენდერო პირობებიდან. როდესაც გამოცხადდა მეხუთე ტენდერი, საერთოდ არავინ მიიღო მონაწილეობა. მეექვსე ტენდერში გამოცხადდა რამდენიმე კომპანია და ერთ-ერთმა მათგანმა ავტომობილები შემოიყვანა 16%-ით უფრო იაფად, ვიდრე სატენდერო ფასი ყო. ეს კომპანია არ ყოფილა ბატონ ხეჩიკაშვილის. ანუ გაიმართა კონკურენტული ბრძოლა და ბაზრის კვლევით დადგენილ ფასზე 16%-ით უფრო იაფად შემოიყვანა მანქანები“, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „სიტროენ ჯორჯია“, რომელიც გია გაჩეჩილაძის სიძეს, გიორგი შარაშიძეს ეკუთვნის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებას ედავება და კარტელური გარიგებების არსებობაზე საუბრობს.

დავის ერთ-ერთი მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროსთვის ათი რეანომობილის შეძენის ტენდერია.

გასული წლის დეკემბერში გიორგი გაჩეჩილაძემ  განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია „სიტროინ ჯორჯიამ“ უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს და ამ კომპანიების უკან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დგას.

გაჩეჩილაძის ბრალდებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ გია გაჩეჩილაძეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს.

იტვირთბა....