ახალი ამბები მთავარი სამართალი

პირი, რომელმაც თბილისის პროკურორის მოადგილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაკითხვას ითხოვს

პირი, რომელმაც თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მის დაკითხვას ითხოვს. შესაბამისი განცხადება თენგიზ გავაშელმა მთავარ პროკურატურაში უკვე შეიტანა.

გავაშელი მიმალვის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მზადაა გამოძიებას ჩვენება მისცეს.

გავაშელის ადვოკატის თამარ აბესაძის განცხადებით,  მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დღევანდელ დღემდე უცნობი იყო, რომ პირი, ვისთანაც მას კონფლიქტი მოუვიდა, პროკურატურის თანამშრომელი იყო.

“თენგიზ გავაშელმა განცხადება უკვე ჩააბარა მთავარ პროკურატურაში ნებაყოფლობით გამოცხადების შესახებ ახსნა-განმარტების მიცემის მიზნით. ის განმარტავს, რომ არსად არ იმალება და მზადაა გამოცხადდეს სამართალდამცავ ორგანოებში ნებისმიერ დროს”, – განაცხადა აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც პროკურატურის თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება წყნეთის ქუჩაზე გუშინ მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც პროკურატურის თანამშრომელი დაშავდა.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....