ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“საქართველოს ხელისუფლება იანუკოვიჩის მსგავსად მოიქცა”: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ვანო მერაბიშვილის საქმეზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ერიკ კროსმა საქართველოს შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილზე და მის საქმეზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმიტ, მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო.

„სასამართლომ თქვა, რომ მთავრობამ დაარღვია კონვენცია და საუბარია იმ კონვენციაზე, რომელიც ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის ფუნდამენტური დოკუმენტია. არ არის ბევრი შემთხვევა, როდესაც ევროსასამართლო მე-18 მუხლის დარღვევაზე საუბრობს და ვანო მერაბიშვილის საქმე ასეთი საქმეების რიცხვს უკვე მიეკუთვნა.

როგორი რეაქცია ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას? საქართველოს ხელისუფლება ვიქტორ იანუკოვიჩის მსგავსად მოიქცა. იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს, უკრაინის ხელისუფლებამ თქვა, რომ ევროსასამართლო მათ არ მოუწოდებდა იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებისკენ და ასეა ახლა ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში. სასამართლო არ ამბობს, რომ ეს პიროვნება ან ის პიროვნება პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს. სასამართლო ამბობს, რომ ადგილი აქვს კონვენციის დარღვევას და ეს არის უმძიმესი, ძალიან სერიოზული დარღვევა.

ევროპული სისტემის მიხედვით, შესაძლოა დააპატიმრონ და გაასამართლონ ყოფილი ან მოქმედი პოლიტიკოსი, თუ მან დაარღვია კანონი და ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს უნდა მოხდეს სამართლიანად. დაცული უნდა იყოს ევროპული კონვენცია. ყველა ადამიანს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ ეს არ მომხდარა ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, მთავრობა სასამართლოს დაკავებულ პირის გათავისუფლებით პასუხობს. დიახ, ჩვენ ველოდებით მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას. მინისტრთა კაბინეტის წევრები უახლოეს მომავალში განიხილავენ ამ საკითხს და საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავენ.

ევროპელმა პოლიტიკოსებმა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება მოითხოვეს. მათ შორისაა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ამით მინდა ვთქვა, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნა არ არის დაყენებული დაბალ დონეზე. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ საკითხს“, – განაცხადა ერიკ კროსმა.

კროსს უპასუხა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.

ევროპულ სასამართლოს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე არაფერი უთქვამს, პირიქით, თქვა, რომ დაპატიმრების დროს პოლიტიკური ინტერესი ვერ დაინახეს, – ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საპარლამენტო ასამბლეის წევრ ერიკ კროსს, რომელმაც ევროსაბჭოში ვანო მერაბიშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვიქტორ იანუკოვიჩის მსგავსად მოიქცა.

„ეს არ იყო კორექტული შედარება. უფრო მეტიც, ეს იყო პოლიტიკური კონტექსტი. ეს არ იყო ობიექტური შინაარსის მატარებელი კითხვა და შეფასება. ევროპულმა სასამართლომ არ თქვა გათავისუფლებაზე არაფერი, პირიქით, ითქვა, რომ მათ პოლიტიკური ინტერესი ვერ დაინახეს დაპატიმრების დროს და სასამართლომ კანონიერად ჩათვალა წინასწარი პატიმრობის გამოყენება.

რაც შეეხება ერთ ეპიზოდს, რომელიც საკნიდან გაყვანას ეხება, სასამართლომ დაადგინა, რომ გამოძიების ჩატარების თვალსაზრისით ადგილი ჰქონდა კონვენციის მუხლის დარღვევას და საუბარია ფინანსურ სანქციაზე, რასაც მიიღებს ქართული მხარე, როგორც რეკომენდაციას მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, იმ რეკომენდაციას ჩვენ გავითვალისწინებთ და მოხდება აღსრულება. ეს არ ეხება გათავისუფლების თაობაზე რაიმე სახის ჩანაწერს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

eurus.ge

იტვირთბა....