მესტიაში მოკლული, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გარდაცვლილი ლომერ ნიგურიანის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულს ხელისუფლება მფარველობს, სამართალდამცავი ორგანო კი, გამოძიებას განზრახ აჭიანურებს.
მათივე განცხადებით, ნიგურიანის მკვლელი მესტიის დატოვებას დახმარების გარეშე ვერ შეძლებდა. ოჯახის ვარაუდით, ის ან კვლავ მესტიაში იმყოფება ან ხელისუფლების დახმარებით, კოდორის ხეობაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ მესტიაში საკრებულოს წევრი და “ენმ”-ს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლომარი ნიგურიანი გასული წლის 25 დეკემბერს მოკლეს. მკვლელობა მეზობლებს შორის შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ნიგურიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, 25 დეკემბერს დაბა მესტიაში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1978 წელს დაბადებულმა მ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მესტიის საკრებულოს წევრს, 1968 წელს დაბადებულ ლ. ნ.-ს მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ნ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მ.ნ.-ს დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.