ბოლო დროს, როგორც საზოგადოებაში, ასევე ხელისუფლების შიგნით, ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. შესაბამისად, ამ თემის ირგვლივ დისკუსია და ვნებათაღელვა არ მთავრდება. უნდა შეიცვალოს თუ არა არსებული პოლიტიკა და მისმა ცვლილებამ ქვეყანას რა დადებითი ან უარყოფითი შედეგები შეიძლება მოუტანოს. ამ კითხვებით “მეტრონომმა” საადვოკატო ბიურო „სვანიძე და პარტნიორების“ დამფუძნებელს და ადვოკატ გოჩა სვანიძეს მიმართა.
“მეტრონომი”: არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ნარკოტიკების ლეგალიზებას მოითხოვენ, თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?
გოჩა სვანიძე: ნარკოტიკების ლეგალიზებას ვუყურებ მკვეთრად უარყოფითად. მინდა დავაზუსტო, რომ საქართველოში მოხდა მსუბუქი ნარკოტიკის, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და არა ლეგალიზაცია. ეს კი ნიშნავს, რომ მარიხუანას მოხმარება არ ისჯება, თუმცა არც მისი თავისუფალი გაყიდვა არის დაშვებული, რასაც ლეგალიზება ჰქვია.
-ნარკოტიკების ლეგალიზებამ, რა უარყოფითი ან დადებითი შედეგები შეიძლება მოუტანოს ქვეყანას?
-ნარკოტიკის ლეგალიზებისგან განსხვავებით, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია არ გამოიწვევს მკვეთრად უარყოფით შედეგებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია მარიხუანას მომხმარებლებისთვის დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები, როგორიცაა ავტომანქანის მართვის, ზოგიერთი ტიპის საქმიანობის აკრძალვა.
-ნარკოტიკის მომხარებელი არის თუ არა კრიმინალი და თქვენ თუ დაგიცვიათ მსგავსი ბრალდებით დაკავებული პირი?
-კრიმინალი არის ნებისმიერი პირი, რომელიც ჩაიდენს სისხლის სამართლის კოდექსით აღწერილ ქმედებას. ზოგადად ნარკოტიკის მომხმარებელი, თუ არ ჩავთვლით მარიხუანას, დღევანდელი კანონმდებლობით არის კრიმინალი. მე პირადად არ ვმუშაობ ამ მიმართულებით და შესაბამისად არც პრაქტიკა გამაჩნია.
-ბოლო დროს სამართალდამცველებს ნარკოტიკების ჩადებას აბრალებენ და ამ კუთხით არა ერთი გახმაურებული საქმე იყო. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ნარკოპოლიტიკის შეცვლა მოხდეს.
-ჩადება შესაძლებელია როგორც ნარკოტიკის, ასევე სხვა აკრძალული ნივთის თუ ნივთიერების. ნარკოპოლიტიკის შეცვლა ვერ აღკვეთს თუნდაც იარაღის ჩადების მავნე პრაქტიკას.
-როგორ ხდება ექსპერტიზის მიხედვით იმის დამტკიცება, რომ ნარკოტიკი ნამდვილად პირს ეკუთვნის. უნდა ამოვიდეს თუ არა ამ დროს დაკავებულის დნმ-ი?
-ნარკოტიკის კუთვნილება ვერ დადასტურდება დნმ-ის ანალიზით. შესაძლოა პირს ეკუთვნოდეს ნარკოტიკი და არ იყოს მისი მომხმარებელი. საერთოდ ექსპერტიზა აუცილებელია, მთავარია კონკრეტულ შემთხვევაში სწორად იქნას შერჩეული ექსპერტიზა და ასევე სწორად იქნას დასმული კითხვები ექსპერტის მიმართ.
-როგორ ხდება სასამართლოზე ამ ბრალდებით დაკავებული პირების დაცვა. რა მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს პროკურატურას და როგორ ამტკიცებს, რომ ამოღებული ნარკოტიკი ნამდვილად დაკავებულს ეკუთვნის?
-წინასწარ ამის განსაზღვრა შეუძლებელია.
-რას ეტყვით მათ, ვისაც ნარკოტიკების ლეგალიზება უნდათ?
-თუ ისინი ჯანმრთელი ადამიანები არიან, დაუფიქრდნენ თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამგვარ პოლიტიკას თითოეული ადამიანისთვის და ოჯახისთვის. თუ ეს ადამიანები თავად არიან მომხმარებლები და ამით უნდათ შეიქმნან კომფორტი, შევახსენებ რომ ნარკოტიკი არის უმოკლესი გზა ჯოჯოხეთისკენ. ამაზე დაფიქრება ყველას მართებს.