აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორმა მაიკლ პომპეომ ტელეარხ CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რამდენიმე თვეში ჩრდილოეთ კორეა შეძლებს ბირთვული დარტყმა აშშ-ს კონტინენტალურ ნაწილზე განახორციელოს. მისი თქმით, ამერიკის მთავრობა დაუღალავად მუშაობს, რათა ჩრდილოეთ კორეას ასეთი შესაძლებლობა რაც შეიძლება გვიან გაუჩნდეს.
აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის თქმით, აშშ-ს დაზვერვისთვის მოულოდნელობა არ იყო ის ფაქტი, რომ ფხენიანმა გასული წლის 3 სექტემბერს რიგით მეექვსე ბირთვული გამოცდა ჩაატარა.
„ჩვენ ვიცოდით, რომ ეს გამოცდა მზადდებოდა. ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამა აქტიურად რეალიზდება და ფართოვდება ჩრდილოეთ კორეის მიერ. ქობინები უფრო მძლავრი და საიმედო ხდება. ჩვენ ამ ინფორმაციას გადავცემთ მათ, ვინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და იმედი გავქვს, რომ შესაბამისად იმოქმედებენ“, – განაცხადა მაიკლ პომპეომ.