ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: 51-ე სკოლის საქმეზე გამოძიება მცდარ გზას დაადგა და გამოსწორება ვეღარ ხერხდება

“მეტრონომი”: სასამართლოდან

 

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ დაცვის მხარე არ ენდობა გამოძიებას, რადგან ის სრულყოფილი არ არის.

”არ არის დადგენილი უამრავი ისეთი დეტალი, რომელიც აწუხებს საზოგადოებას და დაზარალებულ მხარეს. არ არის დადგენილი კონკრეტული პირების სახელები და გვარები, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩხუბში. ვიცით გარკვეული პირები, თუმცა კონკრეტულ დროს კონკრეტული პირი რას აკეთებდა ამაზე მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. შესაბამისად, შეუძლებელია მოწმეთა ჩვენებებს ვენდოთ.

ბევრია დადგენილი ინციდენტის მონაწილე, მაგრამ მხოლოდ ორია ბრალდებული, შერჩევითი ხომ არაა გამოძიება? ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავის დროზე გამოძიება დაადგა არასწორ გზას და დაუშვეს ძალიან ბევრი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც შემდეგ უკვე აღარ მოხერხდა. შედეგად მივიღეთ არასწორად გამოძიებული სისხლის სამართლის საქმე, ჩვენ მივიღეთ უამრავი მტკიცებულება, რომლის შინაარსი, აბსოლუტურად გამორიცხავს და ეწინააღმდეგება ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია დავიჯეროთ, რომ გამოძიებამ დაადგინა უტყუარი ჭეშმარიტება”- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....