“მეტრონომი” სასამართლოდ
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. როგორც ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა განუცხადა, ბრალდების მხარე სასამართლოს ახალ მტკიცებულებებს წარუდგენს. მისი თქმით, ეს არის ის ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ბრალდების მხარემ წინასასამართლო სხდომის შემდეგ მოიპოვა.
“ბრალდების მხარე ისაუბრებს ბრალდებულთა მიერ ბრალად შერაცხული ქმედების თაობაზე, თუ რა გარემოებებში, რა ვითარებაში მოხდა მათ მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. ამასთანავე, ბრალდების მხარე სასამართლო სხდომაზე წარადგენს დამატებით მტკიცებულებებს, რომლებიც მოპოვებული იქნა საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის შემდეგ. ეს არის ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც დამატებითი მტკიცებულებებია იმ ძირითად მტკიცებულებებთან ერთად, რომელიც ბრალდების მხარემ წარადგინა წინასასამართლო სხდომაზე. ეს მტკიცებულებები, მტკიცებულებათა ერთობლიობით იძლევა ალბათობის მაღალ შესაძლებლობას, რათა სასამართლო დავარწმუნოთ რომ ბრალდებულების მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება მხოლოდ მათ მიერაა ჩადენილი”, – განაცხადა პროკურორმა.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაამტკიცებს, რომ მკვლელობა 2 დანითაა ჩადენილი. ხოლო ჩხუბში კი 25 პირი მონაწილეობდა
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.
ავტორი: ნინო ცხადაია