ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს”: სერგეენკო ცოფის ვაქცინაციასთან დაკავშირებით

„გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგებოდა, არ შეესაბამება სიმართლეს და რაც ნიშანდობლივია, მისი არცერთი პუნქტი არ შეესაბამება სიმართლეს,“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ცოფის ვაქცინაციაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

დავით სერგეენკოს თქმით, თითქოს, ბავშვების ვაქცინებსაც შეეხებოდა საქმე, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მისი არცერთი პუნქტი არ შეესაბამება სიმართლეს. მივყვები პუნქტების მიხედვით, რომ ეს პრობლემა ვაქცინებზე ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის პროგრამაზე, მათ შორის, ბავშვების ვაქცინებზეც, არა, არავითარ შემთხვევაში, ეს მსჯელობა იყო მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფზე, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. მეორე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ ვაქცინას არ ჰქონდა ბაზარზე დაშვების უფლება, არ იყო რეგისტრირებული და საერთოდ, არალეგალური იყო და მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა შემოტანა, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს, ცალსახად, ეს იყო ჩვეულებრივად რეგისტრირებული 2015 წელს, არამარტო რეგისტრირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული პრეპარატი,“ – აცხადებს მინისტრი.

სერგეენკოს თქმით, ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს, როდესაც ამბობენ, რომ აღნიშნული ვაქცინა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

„მესამე, ის, რომ ეს ვაქცინა პოტენციურად საფრთხეს უქმნიდა ადამიანების ჯანმრთელობას, არც ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ამასაც განვმარტავ, რომ ჩვეულებრივად ვაქცინის ან რაიმე სხვა მედიკამენტის რეგისტრაციაში არის რამდენიმე დონე, ერთი, არის საკუთრივ რეგისტრაცია და ამაზე უფრო მაღალი არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული პრეკვალიფიკაცია, რომელიც არის ხარისხის უფრო მაღალი თამასა,“ – გჰანმარტავს სერგეენკო.

მისი თქმით, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პრეკვალიფიკაციას მოხსნის, ეს არ ნიშნავს, რომ არ არის ვარგისი ეს ვაქცინა.

დავით სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ აღნიშნული ვაქცინა ჩაენაცვლებინათ. მინისტრის თქმით, უწყებამ ახალი ვაქცინით 5 კვირაში ჩაანაცვლა.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში, პირველად მოხდა ჩვენს ქვეყანაში, რომ ბოლო 3 წელი, არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა ცოფით და სწორედ ამ ვაქცინაციის და იმუნიზაციის პროგრამის დამსახურებით,“ – აცხადებს სერგეენკო.

მისივე თქმით, მათ კომუნიკაცია ჰქონდათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, სადაც დაუდასტურეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა კითხვა დღის წესრიგიდან მოხსნილია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში შემოიტანეს ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოეღოთ, როგორც ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი პრეპარატი, თუმცა საქართველოში ამ ვაქცინით 29 222 ადამიანი აიცრა, ვაქცინის შესაძენად კი 32 მილიონი ლარი დაიხარჯა.

იტვირთბა....